რუსთავის დაარსება

რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი ძველი ქალაქია. ლეონტი მროველი მის მშენებლობას ქართველთა წინაპრის, ქართლოსის, ცოლს მიაწერს: „ცოლმან მისმან აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი“. სიკვდილის შემდეგ კი მამული შვილებს: მცხეთოსს, გარდაბოსს, კუხოსს, კახოსს და გაჩიოსს გაუნაწილა. კუხოსს წილად ხვდა კუხეთი და ქალაქი რუსთავი. ამ მოსაზრებას ამყარებს არქეოლოგიური მონაცემები, რომლის მიხედვითაც რუსთავში ბრინჯაოს ხანაში ძლიერი სამოსახლო არსებობდა. ლეონტი მროველის მეორე ცნობის მიხედვით ალექსანდრე მაკედონელს ქართლში ლაშქრობისას დახვედრია ქალაქები: უფლისციხე, ურბნისი, რუსთავი და სხვა. ასე რომ, ძვ. წ. IV საუკუნეში რუსთავი უკვე ქალაქი იყო. ქალაქი არქეოლოგიურად სრულფასოვნად არ არის შესწავლილი, თუმცა მიუხედავად მასალის სიმცირისა, რუსთავში არც თუ სუსტი კულტურული ფენებია დადასტურებული. იაღლუჯის მთაზე აღმოჩენილია ძვ. წ. IV-II საუკუნეების ნამოსახლარი. ანტიკური ხანის რუსთავი ამ პერიოდის სხვა ქალაქების მსგავსად ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად დაცილებული უბნებისაგან შედგებოდა, იაღლუჯის მთაზე აღმოჩენილი ნამოსახლარი პოლიტიკური ცენტრი იყო.
ანტიკურ ხანაში რუსთავს სავაჭრო ფუნქციაც ჰქონდა. იაღლუჯის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე თავმოყრილი საქარავნო-სავაჭრო გზები დღესაც მოქმედებს და აზერბაიჯანისკენ მიმავალ უმოკლეს გზას წარმოადგენს. რუსთავზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა თბილისი-წითელი ხიდი(აზერბაიჯანის საზღვარი), რომელსაც ასევე ემთხვევა ევროპის ავტომაგისტრალი (ყოფილი აბრეშუმის გზა).
რუსთავის ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა IV საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ დროს ჩნდება ქალაქის ვრცელი და ინტენსიური უბნები, რომლებიც ქალაქის ციხეს ეკვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ად სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. ისტორიული წყაროები, "ქართლის ცხოვრება", "მოქცევაჲ ქართლისაჲ: და სხვა, რუსთავში ახალი მშენებლობის წამოწყებას უკავშირებენ ქართლის მეფის, თრდატ რევის ძის სახელს. თრდატ რევის ძე ქართლის სამეფო ტახტზე ასვლამდე განაგებდაკუხეთს და იწოდებოდა კუხეთისა და რუსთავის ერისთავად. IV საუკუნის შუა წლებიდან რუსთავი იქცა რევიანთა რეზიდენციად, უფლისწულთა ქალაქად ანუ ვოსტან ქალაქად. „ვოსტან“ ირანული წარმოშობის სიტყვა და უფლისწულისთვის გამოყოფილ მამულს ნიშნავს. რუსთავს ვოსტან-ქალაქი ანუ ბოსტან-ქალაქი მთელი ადრეული შუა საუკუნეების მანძილზე ერქვა. IV საუკუნის ბოლო მეოთხედში უკვე გამეფებულმა თრდატ რევის ძემ, ბოსტან-ქალაქში მტკვრიდან ყარაიას ველებამდე გაიყვანა სარწყავი არხი, ანუ რუ. სწორედ ამ არხიდან მიიღო ქალაქმა მეორე სახელწოდება — რუსთავი, ანუ რუს, სარწყავი არხის სათავე. ამ სახელს ქალაქი ვოსტან-ქალაქის პარალელურად VI საუკუნიდან ატარებდა. IX საუკუნიდან კი რუსთავი რევიანთა საუფლისწულო ქალაქი აღარ არის და ამიტომ მას რჩება მხოლოდ სახელი რუსთავი. გვიან შუა საუკუნეებში რუსთავს წერილობითი წყაროები უწოდებენნაგებს. ეს სიტყვა შეიძლება ორნაირად განვმარტოთ: • სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, ეს არის (სავარაუდოდ) არაბული სიტყვა და სამხრეთს ნიშნავს. რუსთავი თბილისის სამხრეთით მდებარეობდა და შესაძლოა სწორედ ამიტომ დაერქვა ქალაქს ნაგები; • ნაგები შეიძლება ნიშნავდეს ძველად აგებულს, აშენებულს. რუსთავი XII—XIII საუკუნეებში XII—XIII საუკუნეებში რუსთავში საქალაქო ცხოვრებამ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ქალაქში ყვაოდა ხელოსნობის ისეთი დარგები როგორიცაა კერამიკის, მინის, ლითონის, ტყავის, ძვლის, ხის, ასევე საფეიქრო წარმოება. რუსთაველი ხელოსნების მიერ დამზადებული ნაწარმი გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. რუსთავი იმავე დროს ჩართული იყო მახლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო გზების ქსელში. XIII საუკუნეში, ქათლში, მონღოლთა შემოსევები საბედისწერო აღმოჩნდა რუსთავითვის. 1265 წლის ბექა-ყაენის ლაშქრობის შედეგად, აღდგომა დღეს რუსთავმა არსებობა შეწყვიტა.

No comments:

Post a Comment